Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებას


ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა აბსურდი უწოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას სახელით 15 აპრილს გავრცელებულ განცხადებას. "მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის, თუ არა, გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ”, - ნათქვამია მერაბიშვილის მიერ ფეისბუკით დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ბრალდებებს უწოდებს ”ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას” და ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას. წერილში, რომელიც დათა ახალაიას სახელით 15 აპრილს საღამოს ფეისბუკით გავრცელდა, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი მერაბიშვილს უწოდებს ”საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავეს” და ადანაშაულებს მისი ძმის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ავანტიურის დაგეგმვაში, ციხეში პატიმართა წამების კადრების შექმნასა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ გატანაში და იაღლუჯის პოლიგონზე ჯარისკაცებისადმი ძალადობის ორგანიზებაში. დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ 15 აპრილს გავრცელებული წერილი მართლაც ახალაიას ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG