Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კოსოვოსთან ურთიერთობის შესახებ შეთანხმებას


სერბიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის შუამავლობით შედგენილ შეთანხმებას, რომელიც კოსოვოსა და სერბიას შორის ვითარების მოწესრიგებას ისახავს მიზნად. შეთანხმება უფლებას აძლევს კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებს მართონ და წესრიგი დაამყარონ ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც სერბები უმრავლესობას წარმოადგენენ. თავის მხრივ, სერბი უმცირესობა აღიარებს კოსოვოს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას. როგორც ორშაბათს განაცხადა სერბიის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა მილოვე მიხაილოვიჩმა, სერბიის მთავრობამ შეთანხმებას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. კარლ ბილდტმა, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 22 აპრილს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ლუქსემბურგის შეხვედრაზე სერბია-კოსოვოს შორის შეთანხმებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს არის ძალიან კარგი შეთანხმება. მისი განხორციელება არ იქნება ძალიან მარტივი მაგრამ რუბიკონი გადალახულია და უკანდასახევი გზა არ არსებობს.“ მოელიან, რომ შეთანხმების რატიფიკაციის მიზნით კვირის ბოლომდე სერბიის პარლამენტში საგანგებო სესია გაიმართება, თუმცა სერბიის პროგრესის პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ შეთანხმებაზე რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვოს პარლამენტმა კვირას გამართულ კენჭისყრაზე 85 ხმით 5-ის წინააღმდეგ შეთანხმებას დაუჭრია მხარი.
XS
SM
MD
LG