Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების შესახებ კვლევა


”ნებაყოფლობითი ჩუქება, თუ სახელმწიფო რეკეტი“ - ამ სათაურით ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება. ოფიციალური მონაცემებით, 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 მილიონ 837 ათას 77 ლარი, 6 მილიონი ამერიკული დოლარი და 10 100 ევრო. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აღნიშნავს, რომ ინფორმაციის დამუშავების პროცესში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, სახელმწიფოსთვის ძვირად ღირებული ქონების ჩუქების, ან სიმბოლურ თანხად 1 ლარად მიყიდვის „სურვილი“ სახელმწიფო კომპანიების, მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქების გარდა უჩნდებოდა მრავალ კერძო კომპანიას და ფიზიკურ პირსაც. კვლევაში მოყვანილია არაერთი კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ გადასცემდნენ ფიზიკური პირები და კერძო კომპანიები სახელმწიფოს უსასყიდლოდ მათ კუთვნილ, მრავალ ათას ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთებს, შენობებს, ავტომობილებს და სხვა ქონებას. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, გამოვლენილი შემთხვევები იწვევს სერიოზულ ეჭვს, რომ სახელმწიფოსთვის ქონების მასობრივად გადაცემა ყველა შემთხვევაში არ ასახავდა მესაკუთრის ნებას. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაზარალებულ პირს, კონსულტაციისთვის მიმართოს მისი სამართლებრივი დახმარების ცენტრს. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ დამუშავების შემდეგ, უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს შემდგომი წლების მონაცემებსაც.
XS
SM
MD
LG