Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ჟან-კლოდ მინიონს


ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ჟან-კლოდ მინიონს
ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ჟან-კლოდ მინიონს
დღეს სტრასბურგში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონის შეხვედრა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელზეც ევროპის საბჭოსადმი საქართველოს ვალდებულებებზე იმსჯელეს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროსაბჭოსთან ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელებას და უფრო აქტიურ თანამშრომლობას მოელის. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საკუთარ სახლში ასეთი მისალმებით დაიწყო ბატონმა მინიონმა შეხვედრა და ასეთი განწყობა გვაქვს ჩვენც - საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ სახლში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, მან დაარწმუნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებს უფრო დაჩქარებული ტემპით. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჟან კლოდ მინიონთან დღევანდელი შეხვედრისას საუბარი იყო რუსეთთან არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების შესაძლებლობებზეც. თავის მხრივ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პატივია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველად მასპინძლობა, დღევანდელი შეხვედრისას კი გულწრფელად და კონსტრუქციულად ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. ჟან კლოდ მინიონის განცხადებით, შეკითხვებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრი ხვალ უპასუხებს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG