Accessibility links

სატელეფონო საუბარი შედგა ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარი შედგა 22 აპრილს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესატანად მიმდინარე დიალოგში წინსვლა შეინიშნება. სამინისტროს ცნობითვე, გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ კმაყოფილება გამოთქვეს მიღწეული შეთანხმების გამო, რომლის თანახმად, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე სადღეღამისო რეჟიმით იმუშავებს. თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის 24 საათიანი რეჟიმით ფუნქციონირება მიზნად ისახავს სავაჭრო ურთიერთობის და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას. აბაშიძის თქმით, მარტში გამართული შეხვედრისას კარასინმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ფიქრობენ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის და ამ მხრივ, შედარებით სრული სურათი გამოიკვეთება შემდეგი შეხვედრისას, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG