Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ორ კანონპროექტს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს. ერთი შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ხოლო მეორე შემთხვევაში საუბარია ბრალდებულის უფლების შეზღუდვაზე, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე იქნეს განხილული. კანონპროექტების ვეტოთი დაბლოკვის შესახებ სამშაბათს განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა. მისივე თქმით, კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება შემდგომი განხილვისთვის. ბარნოვმა ისაუბრა ვეტოს შესახებ გადაწყვეტილების მიზეზებზეც - იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისგან. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მასზე ვეტოს დადების მიზეზად დასახელდა ის, რომ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებასთან დაკავშირებით პროექტი დამატებით რისკებს შეიცავს და ამ პოზიციას იზიარებს არასამთავრობო სექტორიც.
XS
SM
MD
LG