Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი უფლებადამცველები რუსეთს აკრიტიკებენ


ორი ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ამნესტი ინტერნეიშნალი“ და „ჰიუმან რაითს უოჩი“, მკაცრად აკრიტიკებს რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას 2012 წელს პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ. ორმა ორგანიზაციამ ერთად გამოაქვეყნა ანგარიშები რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყურადღების გასამახვილებლად. ჩვენს რადიოსთან საუბარში, "ჰიუმან რაითს უოჩის" მოსკოვის ბიუროს დირექტორის მოადგილემ, ტატიანა ლოკშინამ „უპრეცედენტო“ უწოდა რუსეთში სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის მასშტაბს: „სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, რომლის მოწმეც დღეს რუსეთში ვართ, სრულიად უპრეცედენტოა. ის მთელი ძალით ამოქმედდა კრემლში ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ“. თავის ანგარიშში "ჰიუმან რაითს უოჩი" აქცენტს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ კანონებზე და ზომებზე, მათ შორის კანონზე, რომელიც „უცხოელ აგენტებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს უცხოეთიდან ფინანსური დახმარების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხოლო „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშის ცენტრალური თემაა შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც რუსეთში 2012 წლის ივნისში დაწესდა.
XS
SM
MD
LG