Accessibility links

logo-print

რუსეთში ჯარიმა დააკისრეს არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსს“


რუსეთში სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსს“ იმის გამო, რომ, ახალი კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ გაუვლია რეგისტრაცია, როგორც „უცხოეთის აგენტს“. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გოლოსს“, რომელიც არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, 300 000 რუბლის (10 000 დოლარის) ჯარიმა შეეფარდა. დააჯარიმეს „გოლოსის“ დირექტორიც - ლილია შიბანოვა, რომელმაც 100 000 რუბლი უნდა გადაიხადოს. ეს იყო პირველი სასამართლო პროცესი შარშან ნოემბერში ახალი კანონის შემოღების შემდეგ. კანონი ავალებს რუსეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ, გაიარონ რეგისტრაცია, როგორც „უცხოეთის აგენტებმა“. „გოლოსის“ ლიდერები აცხადებენ, რომ მათმა ორგანიზაციამ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება შეწყვიტა ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ამიტომ შეუსაბამო იქნებოდა „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრაციის გავლა. „გოლოსმა“ მრავალი დარღვევა აღრიცხა რუსეთში 2011 წლის საპარლამენტო და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას.
XS
SM
MD
LG