Accessibility links

ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებას ეკონომიკისა და დასაქმების კონცეფცია შესთავაზა


ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების და დასაქმების კონცეფცია შესთავაზა. მის შინაარსზე თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი განცხადებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებისთვის აუცილებელია გადასახადების შემცირება და შრომის ბაზრის თავისუფლების მაქსიმალურად შენარჩუნება, 2-წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ გარემოზე, 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის ამნისტირება და მაკონტროლებელი ორგანოების მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო კომპანიების შემოწმების აკრძალვა. ჯაფარიძის განცხადებითვე, დასაქმების ზრდა შეუძლებელია უცხოური ინვესტიციების გარეშე, რისთვისაც აუცილებელია მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება და შესაძლებლობის შემთხვევაში, გაუმჯობესება. ნაციონალური მოძრაობის კონცეფციითვე, უნდა დაჩქარდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე აშშ-თან მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG