Accessibility links

logo-print

მოსკოვთან ახლოს საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 38 ადამიანი ემსხვერპლა


მოსკოვის ოლქში, რამენსკის დასახლებაში მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, წინასწარი მონაცემებით, 38 ადამიანი ემსხვერპლა, პრაქტიკულად - ყველა, ვინც ხანძრისნ ღამეს დაწესებულების ხის კორპუსში იმყოფებოდა. მოხერხდა 3 ადამიანის - ექთნისა და ორი პაციენტის გადარჩენა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ხანძარი დაიწყო ახალმიღებული პაციენტებისთვის განკუთვნილ პალატაში. ”ინტერფაქსის” წყაროების ვარაუდით, დაღუპულები ძლიერმოქმედი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და ვერ აცნობიერებდნენ მომხდარს. ბევრი ძილში დაიღუპა, მათი გვამები საწოლებში იპოვნეს. ზოგიერთი გასასვლელისკენ გაიქცა, მაგრამ შენობიდან გასვლა ვერ მოახერხა. სამართალდამცავების ინფორმაციით, გადარჩენის ალბათობა მცირე იყო: ცეცხლი სწრაფად მოედო მთელ შენობას. ამასთან, შენობის ფანჯრებზე გისოსები იყო. ძირითად ვერსიებად განიხილება დაუდევრობა, მოკლე ჩართვა. არ გამორიცხავენ ხანძრის განზრახ გაჩენასაც. ცნობილია, რომ მაშველებს ერთი საათი დასჭირდათ შემთხვევის ადგილზე მისასვლელად მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო სახანძრო განყოფილებიდან 42 კილომეტრში მდებარეობს. საგანგებო ვითარებათა სამინისტროში დაგვიანებას გზებზე შექმნილი პრობლემებით ხსნიან. ხელისუფლებამ რეგიონში არსებული ყველა სამედიცინო დაწესებულების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არაგეგმიური შემოწმების შესახებ გასცა ბრძანება. მოსკოვის ოლქში 27 აპრილს გლოვაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG