Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს


საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განკუთვნილ შენობაში ქალაქის მერიის შესაძლო განთავსებას უწოდა გადაწყვეტილება, რომელიც ”თალიბებისგან უფრო მოსალოდნელია, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან.” ფეისბუკით დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტში საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩადო და შეერთებული შტატების მთავრობის პროგრამით უნდა მიეღო დამატებით, 50-დან 100 მილიონ დოლარამდე. ”ეს იქნებოდა საქართველოს ნამდვილი სიამაყე - უნივერსიტეტი, რომელიც კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობაში დაიდებდა ბინას, ჩვენს ქვეყანას მოუმზადებდა თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტებს და ქართველი სტუდენტების უმეტესობა სწავლას უფასოდ შეძლებდა”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილი კატასტროფულს, დამანგრეველს, არაცივილიზებულს და საქართველოს მომავლის საწინააღმდეგოს უწოდებს ახალი მთავრობის გადაწყვეტილების აღარ განათავსოს ”ქვეყნის ყველაზე გრანდიოზულ შენობაში” უნივერსიტეტი და მის ნაცვლად იქ ბათუმის მერია შეასახლოს. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილებას გადახედოს.
XS
SM
MD
LG