Accessibility links

ევროკავშირი გამოიძიებს კოსოვოში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებას


ევროკავშირმა დაიწყო ახალი გამოძიება კოსოვოში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებასთან დაკავშირებით. კერძოდ, იძიებენ რვა ეჭვმიტანილის შესაძლო კავშირს ორგანოებით მოვაჭრეთა საერთაშორისო დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელმაც, სულ ცოტა, 23 თირკმლის უკანონო ტრანსპლანტაცია განახორციელა პრიშტინის ერთ-ერთ კლინიკაში. კოსოვოში ევროკავშირის „კანონის უზენაესობის მისიამ“ ეს განცხადება გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც კოსოვოში სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე ხუთ ექიმს. სამ მათგანს პატიმრობა მიუსაჯეს, ორს - პირობითი სასჯელი შეუფარდეს. პროკურორების განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 15 000-მდე დოლარს პირდებოდნენ პირებს, ვინც სიდუხჭირის გამო, მზად იყო თირკმლის გასაყიდად. საქმე ეხება რუსეთის, უკრაინის, მოლდავეთის, ყაზახეთის, ბელორუსიისა და თურქეთის მოქალაქეებს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ ფული არ მიუღიათ. თირკმლის მიმღებნი, უმეტესწილად ისრაელის მოქალაქეები, ტრანსპლანტატებში 100 000-მდე დოლარს იხდიდნენ. ამ საქმეს ზოგი უკავშირებს ბრალდებას, რომ ეთნიკური ალბანელების „კოსოვოს გათავისუფლების არმია“ თითქოს სერბი პატიმრების ორგანოებით ვაჭრობდა 1998-99 წლების ომის დროს.
XS
SM
MD
LG