Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თეა თუთბერიძის განცხადებას


ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მერაბიშვილი ”ქართულ ოცნებას” გაურიგდა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თეა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი ამჟამადაც განაგრძობს ნაციონალური მოძრაობის დაშლას, რასაც თუთბერიძის შეფასებითვე, ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე მერაბიშვილის ლოიალური განცხადებები. თუთბერიძის თქმით, მერაბიშვილმა სააკაშვილთან ბრძოლას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები და მათ დაპირისპირებას შეეწირნენ ბაჩო და დათა ახალაიები. "სამწუხაროდ, მინდა ვაღიარო, რომ ძალიან ბევრ რამეს პირადად მე, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვერ ვაანალიზებდი ისე, როგორც საჭირო იყო და მივიჩნევდი, რომ ვანო მერაბიშვილი ქვეყნის ხერხემლია და მასზე, როგორც პრემიერ-მინისტრზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული”, - განაცხადა თეა თუთბერიძემ. მისივე თქმით, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების არჩევნების წინ გავრცელებაში აშკარად იკვეთება მერაბიშვილის ხელი, რადგან იმ პირობებში, როცა შსს აკონტროლებდა ყველა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროსი, წარმოუდგენელია, რომ ვანო მერაბიშვილს არ სცოდნოდა ციხის კადრების შესახებ. თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება რეალური ოპოზიცია, თუ ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალურ მდივნად დარჩება.
XS
SM
MD
LG