Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ბაქოში, სამხრეთ კავკასიის ორდღიან ფორუმში მონაწილეობს


საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის თვალსაზრისით რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა იქნება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბაქოში მის გამგზავრებამდე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ”გააკეთეს ძალიან უცნაური განცხადებები,”რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და სერიოზულ ალტერნატივად განიხილოს გაზის რუსეთიდან შემოტანა. ”ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლებში, არის რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა, რაც აღმოსავლეთ ევროპაში პრაქტიკულად ვერავინ მოახერხა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, დღეს, როცა მთელი ევროპა ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთზე დამოკიდებულებას, საქართველოს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ნიშნავს ქვეყნის დაბრუნებას მძიმე წარსულში. პრეზიდენტის განცხადებითვე, აზერბაიჯანის გაზი რამდენჯერმე იაფია, ვიდრე რუსეთის; აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესი საქართველოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობაა, ხოლო რუსეთის - მეზობლებზე კონტროლისთვის ენერგობერკეტის გამოყენება. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული ენერგოწყაროებისთვის საქართველომ უნდა იმუშაოს არა რუსეთთან, არამედ თურქმენეთსა და ყაზახეთთან. პრეზიდენტის განცხადებით, ამ თემაზე პრემიერ-მინისტრისგან ამომწურავ განმარტებას ელოდება. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება ბაქოში, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და სამხრეთ კავკასიის ორდღიან ფორუმში მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG