Accessibility links

logo-print

პუტინმა სურკოვის გადადგომა დაამტკიცა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დააკმაყოფილა მისი გავლენიანი ვიცე-პრემიერის, ვლადისლავ სურკოვის განცხადება გადადგომის თაობაზე. კრემლის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სურკოვმა - რომელიც ერთ დროს პუტინის მთავარი პოლიტიკური სტრატეგი იყო - პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. სურკოვის გადადგომას ერთი დღით უსწრებდა წინ პუტინის მხრიდან მთავრობის მისამართით გამოთქმული შენიშვნა იმის თაობაზე, რომ მთავრობა არ ასრულებს პრეზიდენტის ყველა ბრძანებას. პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ სურკოვის გადადგომა ამ შენიშვნებს უკავშირდება. პარალელურად, ფედერალური გამომძიებლები აწარმოებენ გამოძიებას გაფლანგვის ბრალდებების შესახებ სკოლკოვოს ინოვაციის ცენტრში, რომლის სამეურვეო საბჭოში სურკოვიც შედის. ვიცე-პრემიერის პოსტზე ყოფნისას სურკოვი ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას ხელმძღვანელობდა. 1999 წლიდან 2011 წლამდე ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. სურკოვს უკავშირებდნენ რუსეთის მკაცრად კონტროლირებული პოლიტიკური სისტემის შექმნას - რომელსაც თავად ის „სუვერენულ დემოკრატიას“ უწოდებს.
XS
SM
MD
LG