Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი რუსეთში შეხვდა უფლებადამცველებს


რუსეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ შეხვედრა გამართა ცნობილ უფლებადამცველებთან. შეხვედრის ფონია მზარდი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთის მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას აძლიერებს. შეხვედრა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა. მონაწილეებს შორის იყვნენ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლიუდმილა ალექსეევა, წამყვანი წარმომადგენლები მემორიალიდან, Human Rights Watch-დან, Greenpeace-ის რუსეთის ფილიალიდან და სხვა ორგანიზაციებიდან. შეხვედრის შემდეგ ცნობილმა უფლებადამცველმა, ლევ პონომარიოვმა რუსეთში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით სიტუაციის გაუარესება "ანტი-კონსტიტუციურ გადატრიალებად" შეაფასა და იქვე უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის დელეგაციის მხრიდან, მისი აზრით, არასათანადოდ მწვავე რეაგირების გამო: „[აშშ-ის დელეგაციამ] კვლავ ჩვეული დავარცხნილი ფორმულირებები გამოიყენა - გითანაგრძნობთ, თქვენ ყოჩაღები ხართ, დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებით, ჩვენ არ მიგატოვებთო. მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ ეს მართლაც ძალიან დავარცხნილი ფორმულირებები იყო. ეს, ცხადია, ჩვენი შიდა პრობლემებია“ - განაცხადა პონომარიოვმა. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვებს უსვამენ და მოითხოვენ დოკუმენტებს, რომლებიც უკავშირდება ახალ, კამათის საგნად ქცეულ კანონს, რომლის თანახმადაც დაფინანსების უცხოეთიდან მიმღებმა აქტივისტთა ჯგუფებმა თავი „უცხოეთის აგენტად“ უნდა გამოაცხადონ. სახელმწიფო მდივნის რანგში კერი მოსკოვში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა. სამშაბათს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
XS
SM
MD
LG