Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ფიულე: საქართველოს ახალი ხელისუფლება დასავლეთთან ინტეგრაციის ერთგულია


მიუხედავად ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მომხდარი ამასწინანდელი ცვლილებისა, საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგული რჩება - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის სათაო ოფისში სტუმრობისას განაცხადა. ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „სიტყვითაც“ და „საქმითაც“ გამოხატავს საკუთარ ინტერსს, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რომელიც მას საბოლოოდ ევროკავშირამდე და ნატომდე მიიყვანს. „ევროპული მისწრაფება არ შეცვლილა, არ შეცვლილა არაფერი გამოთქმებში, მხედველობაში მაქვს ის, რომ ახალი ხელისუფლებისგანაც გვესმის ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულების სიტყვები. არც საქმეების მხრივ არის დიდი ცვლილებები. ასე რომ ჩვენი მოლაპარაკებები ასოცირებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ეკონომიკურ ინტეგრაციასაც მოიცავს, საკმაოდ კარგად ვითარდება", - განაცხადა შტეფან ფიულემ და კმაყოფილება გამოთქვა ივანიშვილსა და პოსტიდან მიმავალ პრეზიდენტ სააკაშვილს შორის თანამშრომლობის „პირველი ნიშნებით“, რაც საგარეო პოლიტიკისა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ დამოკიდებულებაში გამომჟღავნდა. ევროკომისარმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებას და თავი აარიდოს სამხედრო ბაზების მშენებლობას თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG