Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრა დაასრულა


საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან დახურული შეხვედრა დაასრულა. პირველი კორპუსის შენობის დასატოვებლად მიხეილ სააკაშვილმა კვლავ არ ისარგებლა მთავარი შესასვლელით, სადაც სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავდა. პრეზიდენტის და მისი თანმხლები ავტომანქანები სტვენით და შეძახილებით გააცილეს პოლიტპატიმრებმა, რომლებიც აქციას უნივერსიტეტის მეორე შესასვლელთან მართავდნენ. პრეზიდენტთან შეხვედრა მის დასრულებამდე დატოვა სტუდენტების ნაწილმა. ერთ-ერთმა მათგანმა სანდრო ცაგარელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ პროტესტი გამოიწვია შეკითხვებისადმი პრეზიდენტის შერჩევითმა დამოკიდებულებამ და მწვავე შეკითხვებზე არაადეკვატურმა პასუხებმა. ცაგარელმა მაგალითად მოიყვანა შეკითხვა პატიმართა წამებაზე, თუმცა, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში გადაიტანა. სტუდენტების ცნობითვე, შეკითხვებისადმი პრეზიდენტის შერჩევით პასუხებს მათი მხრიდან მცირე რეპლიკაც მოჰყვა. "ამის შემდეგ პრეზიდენტმა ჩე გევარები გვიწოდა, მოგვთხოვა, რომ შეხვედრა დაგვეტოვებინა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცით", – განუცხადა ჟურნალისტებს სტუდენტმა თეკლა ჯამბულიძემ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დაწყებამდე პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა პოლიტპატიმართა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე.
XS
SM
MD
LG