Accessibility links

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აპირებს პროკურატურას გაუგზავნოს მასალები


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აპირებს პროკურატურას გაუგზავნოს მასალები, რომელთა თანახმად, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობისას შესაძლოა, იკვეთებოდეს ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის ინტერესები. მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ დღეს ჟურნალისტებს გააცნო მთავრობის შარშანდელი განკარგულება, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავის მონაკვეთზე ე.წ. ბუფერული ზონა გაუქმდა და შესაძლებელი გახდა ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისება. მურღულიას თქმით, განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ სამშენებლო სამუშაოების პროექტი უკვე დამტკიცებულია და გამოვლენილია მწარმოებელი ორგანიზაცია, რომელსაც მშენებლობა უკვე დაწყებული ჰქონდა. "მიზეზი, რომელსაც განმარტებით ბარათში კირკიტაძე ასახელებს, სიცრუეა, რადგან თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა იმ პერიოდში დაწყებული არ ყოფილა და არც ხელშეკრულება იყო გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან” - განაცხადა შოთა მურღულიამ. მისი ინფორმაციით, მთავრობის შარშანდელი განკარგულების მიღებიდან ოთხ დღეში, 8057 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა კონკრეტულ მოქალაქეს, რომელმაც ეს ფართობი შემდეგ სხვას აჩუქა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოკვლევა დაადგენს, თუ ვინ არიან ეს პირები, აქვთ თუ არა კავშირი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ან ქვემო ქართლის გუბერნატორთან და რატომ მოხდა ასე სწრაფად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულის რაიონში სახელმწიფოს კუთვნილი, 130 ჰექტარი მიწის თაღლითურად დაეუფლების ბრალდებით პროკურატურამ დააკავა რამდენიმე პირი, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სამსახურის უფროსის მოადგილე.
XS
SM
MD
LG