Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 11 მაისი, 2013


მიმდინარე კვირაში უცხოურ მედიასა და ინტერნეტგამოცემებში რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა საქართველოში პოლიტიკის, ეკონომიკისა და მედიის პრობლემებზე.

„საქართველოს ხელისუფლება კავკასიურ წრეში“ - ასე ჰქვია „ეკონომისტში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ წერილს საქართველოში ოქტომბრის არჩევნებში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების შესახებ. სტატიის ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მშვიდობიანი გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ გააჩნია მოქმედების თანმიმდევრული პროგრამა ან არ ჰყავს საკუთრივ მთავრობა, რომელიც შეთანხმებულად იმოქმედებს, თავად ბიძინა ივანიშვილი კი რჩება ენიგმად, გამოცანად, რასაც არც მისი მომხრეები უარყოფენ.

„ეკონომიკა მცირდება: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში საშუალოდ 6 %-ს შეადგენდა, მკვეთრად კლებულობს, ხოლო უმუშევრობა მაღალი რჩება. ბატონი ივანიშვილის მომხრეები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ტრანზიციის მემკვიდრეობაა. თუმცა ცოტა კეთდება იმისათვის, რომ შემცირდეს დაძაბულობა უცხოელ ინვესტორებში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ“, - წერს „ეკონომისტი“ და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, ინვესტორთა დამშვიდების ნაცვლად, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ხელოვნურად გაზრდილი უწოდა ბიზნესის კეთების სიიოლის მხრივ ბოლო გამოკითხვებით ნაჩვენებ საქართველოს მაღალ შედეგებს. „იკვეთება ლიბერალური ეკონომიკიდან გადახვევისა და კერძო სექტორის სახელმწიფოთი ჩანაცვლების ნიშნები“. ამის მაგალითად „ეკონომისტის“ ავტორს მიაჩნია ქართველი ფერმერების დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთარი სახსრებით ფინანსდება.

„ეკონომისტის“ სტატიაში საქართველოში კრიმინალურ მდგომარეობაზეც არის საუბარი და, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედის დანაშაულის წინააღმდეგ მიმართულ მკაცრ პოლიტიკასაც გადაუხვია, პოლიციაში კი ის ადამიანები დააწინაურა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დაითხოვეს.

„საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ფართო ამნისტია, რამაც მსჯავრდებული თუ წინასწარ პატიმრობაში მყოფი დაახლოებით 8400 პატიმარი საპყრობილეებიდან გაათავისუფლა. ზუსტი მონაცემების მოპოვება ძნელია, თუმცა საქართველოს ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ დანაშაულმა იმატა. ამავდროულად, პროკურორებმა გამოძიება დაიწყეს სააკაშვილის ხელისუფლების ასობით ყოფილი მოხელის, მათ შორის, თბილისის მოქმედი მერის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის ვრცელ ვარიანტსაც თქვენ „ეკონომისტის“ ბოლო ნომერში გაეცნობით.

გასულ კვირაში საინტერნეტო გამოცემა „ნიუ რეპაბლიკში“ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია კი საქართველოში ნარკომანიის პრობლემას ეხება. მასში ერთ-ერთი ქართველი ნარკოდამოკიდებულის, 38 წლის პავლეს ისტორიაა მოთხრობილი და ასევე დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაიწყო საქართველოში ევროპის ქვეყნებში დაშვებული სუბოტექსის შემოტანა და გავრცელება და როგორ ჩაანაცვლა ბოლო ხანს, ხელისუფლების მკაცრი პოლიტიკის შემდეგ, სუბოტექსი ე.წ-მა იაფფასიანმა „კროკოდილმა“, რომლის წარმოებაც მარტივად შეიძლება.

„ყიდულობთ კოდეინს აფთიაქში. შემდეგ მას გახსნით ტუალეტის საწმენდ ხსნარში, წითელ ფოსფორსა და სანთებლის საწვავში და ნარკოტიკიც, სახელად „კროკოდილი“, მზად არის“, - წერს „ნიუ რეპაბლიკის“ ავტორი, რომლის თქმითაც , მიუხედავად ნარკომანიის პრობლემის მოგვარებისაკენ გადადგმული რადიკალური ნაბიჯებისა, საქართველოში არ შეცვლილა სოციალური ფონი, მაღალია უმუშევრობა და უპერსპექტივობის განცდა ახალგაზრდებში, რომლებიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი ხდებიან.

დაბოლოს, საინტერნეტო გამოცემა „ეურეიჟია ვიუში“ გამოქვეყნდა სტატია თემაზე - ჟურნალისტის ეთიკა და ინტერესთა კონფლიქტი. აქ საუბარია იმაზე, საწერ-კალამი უნდა ეჭიროს ჟურნალისტს ხელში თუ საპროტესტო პლაკატი და თუკი იგი საპროტესტო აქციაში ღებულობს მონაწილეობას, როგორც აქტივისტი, შეიძლება თუ არა მოითხოვოს დაცვა, როგორც ჟურნალისტმა. „იურეიჟია ვიუს“ ავტორი ამ თემით დაინტერესდა 1 მაისის საპროტესტო აქციის შემდეგ, როდესაც პოლიციამ წესრიგის დარღვევისათვის თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე აქციაში მონაწილე რამდენიმე ჟურნალისტი დააკავა. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ჟურნალ „ლიბერალის “ჟურნალისტი ანი ჭანკოტაძე, რომლის აზრითაც, ჟურნალისტი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. „ადამიანის ღირსების დაცვა ჩემთვის პროფესიულ სტანდარტებზე უფრო მაღალი პრინციპიაო“, ამბობს ის..
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG