Accessibility links

logo-print

პაკისტანის არჩევნებში თავს გამარჯვებულად აცხადებს ყოფილი პრემიერი


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი აცხადებს, რომ მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა პაკისტანში შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე. შარიფი ამ განცხადებით გამოვიდა ბიულეტენების დათვლის პროცესის დაწყებიდან რამდენიმე საათში. წინასწარი არაოფიციალური შედეგები მოწმობს, რომ ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო მისმა პაკისტანის მუსლიმთა ლიგამ და იმრან ხანის პარტიამ, ტეჰრიკ-ე ინსაფმა. გავრცელებული ვარაუდით, არჩევნების შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცხადეს პაკისტანის სახალხო პარტიამ და ეროვნულმა პარტია ავამიმ - რომლებიც წარმავალ, მმართველ კოალიციაში პარტნიორებს წარმოადგენდნენ. ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმების მიუხედავად, ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იყო. არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას კენჭისყრის დღეს, შაბათს, სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. წინასაარჩევნო კამპანიისას კი 120 ადამიანი იქნა მოკლული ექსტრემისტების მიერ. პაკისტანისთვის ეს არჩევნები წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა სამოქალაქო მთავრობამ თავისი სრული ვადა დაასრულა და ხელისუფლებას არჩევნების გზით სხვა ადმინისტრაციას გადააბარებს.
XS
SM
MD
LG