Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტობის მსურველთა შორის არიან ექს-პრეზიდენტი და ბირთვულ საკითხებში წარმომადგენელი


ირანის ყოფილი პრეზიდენტი, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი და ბირთვულ საკითხებში გამართულ მოლაპარაკებებზე ქვეყნის მთავარი წარმომადგენელი, საეედ ჯალილი იმ 360 პირს შორის არიან, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს ირანის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე. არჩევნები 14 ივნისს არის დანიშნული. რაფსანჯანი არ მოსწონთ რეჟიმის კონსერვატორ წევრებს, რადგან მან გააკრიტიკა ზეწოლა იმ საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, რომლებიც მოჰყვა 2009 წელს პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელმეორედ არჩევას. ჯალილი ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 2007 წლის შემდეგ ხელმძღვანელობს, კონსერვატორია და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკავშირეს წარმოადგენს. შაბათი განაცხადების წარდგენის ბოლო დღე იყო. ახლა მსურველთა სიას გუშაგთა საბჭო შეისწავლის - ორგანო, რომელიც არჩევითი არ არის და რომელსაც ხამენეის მიერ დასახელებული რელიგიური კონსერვატორები აკონტროლებენ. საბჭო შემდეგ დაასახელებს იმ პირთა საბოლოო სიას, რომლებიც 14 ივნისის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატები გახდებიან. განაცხადის წარმდგენ სხვა პირებს შორის არიან ყოფილი რეფორმატორი ვიცე-პრეზიდენტი მუჰამედ რეზა არეფი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ღოლამ ალი ჰადად ადელი, ასევე ხამენეის მოკავშირე. განაცხადები წარადგინეს თეირანის მერმა, მუდამედ ბაღერ ყალიბაფმა, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მრჩეველმა ალი აკბარ ჯავანფექრმა, პრეზიდენტის უფროსმა ძმამ, დავოოდ აჰმადინეჟადმა და რეფორმების მომხრე აქტივისტმა, ებრაჰიმ ასღარზადემ. ამჟამინდელი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პოსტიდან უნდა წავიდეს.
XS
SM
MD
LG