Accessibility links

logo-print

სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წამოაყენოს


საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, შემდეგ კი ოპოზიციური „საქართველოს გზის“ ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყაროს. ეს მან ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა, საკათედრო ტაძრის კურთხევის ცერემონიის დასრულების შემდეგ. ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ახლა მას ხალხის მიერ რეალურად არჩეული პრეზიდენტი სჭირდება. ზურაბიშვილის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ ავრცელებს: „ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს არანაირი გუნდის წარმომადგენელი. ერთადერთი გუნდი ვიცი მე და ეს არის საქართველო. ამიტომ ვფიქრობ დამოუკიდებელ კანდიდატურაზე, ჯერ ვფიქრობ, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მე მჭირდება ხალხის მხარდაჭერა, რეალური მხარდაჭერა. თუ ეს მხარდაჭერა იქნება ჩემთვის გასაგები და ყველასაგან მისაღები მაშინ მე გადავდგამ ამ ნაბიჯს" – განაცხადა ზურაბიშვილმა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოში 10 მაისს დაბრუნდა. შაბათს, 11 მაისს, "ქართული ოცნების" მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე, ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.
XS
SM
MD
LG