Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულია შს მინისტრის მოადგილე


პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულია შს მინისტრის პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე. ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და, ამასთან, განაცხადა, რომ ახლახან ინტერნეტით გავრცელებული კადრები - რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირად ცხოვრებას ასახავს - გადაღებულია წინა ხელისუფლების პირობებში. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ "საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი, პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი". ღარიბაშვილის თქმით, კადრები უკანონოდ გადაიღო წინა ხელისუფლების კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, გიორგი ფარესაშვილზე შანტაჟის მოხდენის და რეჟიმის სამსახურში მისი ჩაყენების განზრახვით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს და სხვა კადრები მიკვლეულ იქნა და დაილუქა. თუმცა, მინისტრის თქმით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ასლები წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ხელში არ არის. მინისტრი აცხადებს, რომ ამ და სხვა მსგავსი კადრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, დავალებული ჰქონდა შსს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს. "პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი. ჩემმა პირველმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ, სამწუხაროდ ჩაიდინა არა მარტო დანაშაული, არამედ მოხელისათვის, და მითუმეტეს შსს სამინისტროს თანამშრომლისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და ძალზე მტკივნეულად მიიღო მის მიმართ ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული, პირადად ჩემი შეფასებით სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამებები და გიორგი ფარესაშვილზე შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად განათავსა ეს კადრები ინტერნეტ-სივრცეში“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG