Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: დეპუტატებზე თავდასხმა სრულიად არაცივილიზებულია


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გამოეხმაურა თბილისში, რესტორან „La Truffe"-ში შაბათს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაშავდნენ და განაცხადა, რომ დეპუტატებზე თავდასხმა არის სრულიად არაცივილიზებული საქციელი. სააკაშვილი ამ განცხადებით ფოთში გამოვიდა, საკათედრო ტაძრის გახსნის ცერემონიის შემდეგ. მან იმედი გამოთქვა, რომ ვითარებას პოლიცია გაარკვევს და განაცხადა, რომ კანონდამრღვევი პირების დიდი ჯგუფი სარგებლობს დაუსჯელობის სინდრომით. ინციდენტს პრეს-კონფერენციით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავით ბაქრაძეც. მისი შეფასებით, ეს ინციდენტი იყო „ერთ–ერთი გამოვლინება იმ აგრესიული კამპანიისა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმდინარეობს და რომლის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს“. ბაქრაძემ შსს მინისტრ ღარიბაშვილს და პარლამენტის სპიკერ უსუფაშვილს მოუწოდა პირად კონტროლზე აიყვანონ ამ საქმის გამოძიება. თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. თვითმხილველთა ცნობით, კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს.
XS
SM
MD
LG