Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა მეამბოხეთა იერიშის შედეგად


ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აცნობა. „დღეს, 16 საათსა და 17 წუთზე განხორციელდა დღემდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ავღანეთში, ნატოს ოპერაციაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებზე. მეამბოხეთა ჯგუფმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, კომბინირებული იერიში მიიტანეს 42-ე ბატალიონის ბაზაზე,“- განაცხადა ალასანიამ. თავდასხმას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა შეეწირნენ. დაჭრილების რაოდენობა თავდაცვის მინისტრს არ დაუზუსტებია. ალასანიას თქმით, "ქართველმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს ყველა მოიერიშე და სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში". ამ თავდასხმის შემდეგ 22-მდე გაიზარდა ავღანეთში დაღუპული საქართველოს ჯარისკაცების რაოდენობა. ეს მეორე ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმაა ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფზე. 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო ოპერაციის დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთბაშად 4 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ავღანეთში საქართველო 1600-მდე ჯარისკაცით არის წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG