Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ხუხაშვილს კომპანია Outdoor.ge-ის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს კვლავ განაცხადეს, რომ ამჟამინდელი მფლობელებისთვის სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს წასართმევად ზეწოლას ახორციელებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ხაჩიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესში მონაწილეობისთვის სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოიყვანეს ბიზნესმენი გიორგი ღამბაშიძე. ხაჩიძის განცხადებით, ბიზნესზე ზეწოლის ამ კონკრეტული ფაქტის გამო მიმართავს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც შესაძლოა, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამავე საკითხზე საუბრისას გიორგი ღამბაშიძის გარდა, საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა გივი თარგამაძემ დაასახელა ვინმე უჩა, რომელიც მისივე ინფორმაციით, პრემიერის ნათესავია. ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფში შემავალ კომპანია Outdoor.ge-ზე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მონაწილეობით ზეწოლის შესახებ გასულ კვირაშიც განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს როგორც გია ხუხაშვილმა, ასევე დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფმა, რომელმაც სპეციალური განცხადებით მოუწოდა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას თავი შეიკავონ მსგავსი უსაფუძვლო შეფასებისგან, რომელიც აღიქმება ბიზნესზე ზეწოლად და არღვევს თავისუფალი ბიზნეს გარემოს პრინციპებს.
XS
SM
MD
LG