Accessibility links

logo-print

გენერალი ბარტელსი: "საქართველო განაგრძობს ნატოსთან დაახლოებას"


ბრიუსელში დამთავრდა ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი სხდომა, რომლის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში იყო ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაცია (ISAF) და მასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს, აგრეთვე, სამხედრო თანამშრომლობაზე ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, კნუდ ბარტელსმა მაღალი შეფასება მისცა როგორც საქართველოს წვლილს ISAF-ის განხორციელებაში, ისე ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო რეფორმებს, რომლებიც, დანიელი გენერლის თქმით, მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველოს სწრაფვაში ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. „ჩვენ გამოვხატეთ ნატოს მადლიერება საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის ISAF-ის მისიაში და მისი მზადყოფნისთვის, მონაწილეობა მიიღოს ამ მისიის განხორციელებაში 2014 წლის შემდეგაც. საქართველო განაგრძობს ნატოსთან დაახლოებას მასთან წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის გზით“, განაცხადა კნუდ ბარტელსმა. სამხედრო კომიტეტის სხდომის დახურვისას, მისმა თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ქმედითუნარიანობა, რათა მზადყოფნაში შეხვდეს სამომავლო გამოწვევებს.
XS
SM
MD
LG