Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გლოვის დღეა


საქართველოში გლოვის დღეა ავღანეთში დაღუპული სამი სამხედროს ხსოვნის პატივსაცემად. უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალები ალექსანდრე კვიწინაძე და ვლადიმერ შანავა თბილისში დღეს დილით ჩამოასვენეს. სამგლოვიარო ცერემონიამდე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვაზიანის ბრიგადაში იმყოფებოდა. სწორედ ამ ბრიგადის შემადგენლობაშია ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი 42-ე ბატალიონი, რომლის ბაზაზე 12 მაისს მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა და 27 დაიჭრა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღევანდელი დღე უმძიმესია საქართველოსთვის, ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და პირადად მისთვის. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ სამშობლოსგან შორს და სამშობლოს სამსახურში ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაწირეს თავი. ”საქართველოსთვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია და ამ გმირი ბიჭების თავგანწირვა მიგვიყვანს მიზნამდე - ერთიან, ძლიერ საქართველომდე”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებსა და აშშ-ის საელჩოს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად დღეს თბილისის აეროპორტში დაესწრო სამგლოვიარო ცერემონიას. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკსმა ელჩის რიჩარდ ნორლანდის და აშშ-ის დიპლომატიური მისიის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს. ბრინკსმა აღნიშნა, რომ აშშ მადლიერია იმისთვის, რასაც საქართველო აკეთებს ავღანეთის უსაფრთხოებისთვის. ”ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. ბრიჯიტ ბრინკსმა ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროთა ოჯახებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის სახელითაც მიუსამძიმრა. 12 მაისს დაღუპულ კაპრალებს ალექსანდრე კვიწინაძეს და ვლადიმერ შანავას და უმცროს სერჟანტს ზვიად დავითაძეს საღამოს 7 საათზე დაასვენებენ ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
XS
SM
MD
LG