Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმე ისევ გადაეცა სასამართლოს


რუსეთში ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებული პირების საქმე ისევ გადაეცა სასამართლოს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ხუთ პირს - ლომ-ალი გაიტუკაევს და მის სამი დისშვილს, ისევე როგორც ყოფილ პოლიციელ სერგეი ხაჯიკურბანოვს - მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებები წარუდგინეს. მათგან სამ ეჭვმიტანილს სასამართლომ ბრალდებები მოუხსნა 2009 წელს, ამდენად მათ განმეორებით გაასამართლებენ. გამოძიების ვერსიით, ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზატორი იყო ლომ-ალი გაიტუკაევი. მან შექმნა 2006 წელს ჯგუფი, რომელშიც ბრალდებულებთან ერთად შედიოდა პოლიციელი დმიტრი პავლიუჩენკოვი. პავლიუჩენკოვი, რომელიც გამოძიებას თანამშრომლობაზე დათანხმდა, ცალკე გაასამართლეს და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომზე რეპორტაჟებით, 2006 წელს მოსკოვში მოკლეს.
XS
SM
MD
LG