Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ექსპო ჯორჯიაში" დღეს თბილისის წიგნის ფესტივალი გაიხსნება


"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის ოთხდღიანი ფესტივალი გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსი" ღონისძიების ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს, წლევანდელი ფესტივალი საიუბილეოა და ის 23-26 მაისს ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებს 66 გამომცემლობა, წიგნის გამავრცელებელი კომპანია, წიგნის მაღაზია და საერთაშორისო ორგანიზაცია. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის გახსნა და კატალოგის პრეზენტაცია დღეს, 19:00 საათზე მწერლის სახლში შედგება. ფესტივალის ფარგლებში, "ექსპო ჯორჯიას" პავილიონში მოწყობილ მთავარ სცენაზე და გამომცემლობების სტენდებთან გაიმართება წიგნის პრეზენტაციები და მწერლებთან შეხვედრები. ღონისძიებები ქალაქის სხვა ადგილებზეც გაიმართება. კერძოდ, 23 მაისს 20:00 საათზე კაფე "ლიგამუსში" ლიტერატურული პორტალის ლიბრივივი.გე-ს პრეზენტაცია მოეწყობა; 25 მაისს 19:00 საათზე მწერლის სახლში ქალი ავტორების ანთოლოგიის - "შავი ავაზა" - პრეზენტაცია მოეწყობა; 26 მაისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება. ფესტივალი 26 მაისს 21.00 საათზე "პოეზიის ღამით" დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართველი პოეტები. სულ ფესტივალის ფარგლებში 50-მდე ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი 1998 წლიდან იმართება.
XS
SM
MD
LG