Accessibility links

logo-print

„ამნესტი ინტერნეშნლმა“ მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის წლიური ანგარიში გამოაქვეყნა


„ამნესტი ინტერნეშნლის“ ყოველწლიური ანგარიში მოიცავს 159 ქვეყანას და, როგორც პოლიტიკური სიფრთხილის გამო უწოდებენ, ტერიტორიას, ანუ არასახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე რეგიონს. ორგანიზაცია ამ ანგარიშში შარშანდელ - 2012 - წელს მიმოიხილავს და 2013-ში მომხდარ ფაქტებსაც ახსენებს. მისი ავტორები საუბრობენ წამების, საპატიმროებში ცუდი მდგომარეობის, უფლებადაცვის აქტივისტების დევნისა და ასევე სიტყვის თავისუფლების ჩახშობის შემთხვევებზე, თუმცა დოკუმენტი აქტივისტთა მამაცობის ფაქტებსაც გვაუწყებს. ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი სალილ შეტი „ამნესტის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ მთავრობები, რომლებიც უფლებებს არღვევენ, ვეღარ შეძლებენ თავიანთი მოქმედების გამართლებად საკუთარი სუვერენიტეტი გამოიყენონ:

„მთავრობები იმისთვის იქმნება, რომ დაიცვან თავიანთი მოქალაქეების უფლებები. მაგრამ აქ საქმე გვაქვს საპირისპირო შემთხვევებთან, როცა მთავრობა არღვევს საკუთარი - მის საზღვრებში მცხოვრები -მოქალაქეებისა და ხალხის უფლებებს. ჩემი აზრით, დღეს, ჩვენს დროში, სახელმწიფო სუვერენიტეტით გამართლება იმისა, რომ ეს საშინაო საქმეა, სრულიად მიუღებელია“.

„ამნესტის“თანამშრომელი, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის პროგრამის დირექტორი ფილიპ ლუთერი ირანის შესახებ ამბობს:

„ამნესტი ინტერნეშნლმა“ აღწერა დაპატიმრებების არაერთი ტალღა ირანში 2012-2013 წლებში. ამ ქვეყანაში აკავებენ ადვოკატებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ აქტივისტებსა და მათ ნათესავებს, კინოს მუშაკებს, ადამიანებს, რომლებსაც კავშირი აქვთ უცხოეთთან, საზღვარგარეთის მედიასთან, მაგალითად, ბი-ბი-სის სპარსულენოვან სამსახურთან. ათეულობით მოქალაქე აწამეს, ციხეში ჩასვეს. ბევრი მათგანი სინდისის პატიმარია, ბევრს საზღვარგარეთ წასვლა აუკრძალეს“.

რეიდების მოწყობამ, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის თანახმად, მსოფლიოს დაანახვა, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა რუსეთში მკვეთრად გაუარესდა...
მძიმე მდგომარეობაა ავღანეთშიც. ანგარიშში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ იქ, წინა წელთან შედარებით, ვითარება ძალიან გაუარესდა. განსაკუთრებით ირღვევა ქალთა უფლებები ამ ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში. მხოლოდ 2012 წლის შვიდ თვეში „ამნესტიმ“ ავღანეთში ქალთა მიმართ ძალადობის 4000 შემთხვევა შეიტყო, რაც, წინა წელთან შედარებით, 28 პროცენტიანი ზრდაა. „ამნესტი“ იუწყება უფლებების სერიოზულ დარღვევაზე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ასევე თურქმენეთში. „ამნესტის“ ახალი ანგარიში წარდგენილი იქნა რუსეთში, მოსკოვში, სადაც ნიდერლანდებში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ედუარდ ნაზარსკიმ თქვა, რომ რუსეთში უფლებათა დაცვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა:

„არასამთავრობო ორგანიზაციებში - მათ შორის, „ამნესტი ინტერნეშნლის“ ოფისში - რეიდების მოწყობამ, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის თანახმად, მსოფლიოს დაანახვა, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა რუსეთში მკვეთრად გაუარესდა“.

ნაზარსკიმ ახსენა პანკჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრთა დაპატიმრების საქმეც. რუსეთში „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენლობის დირექტორი სერგეი ნიკიტინი კრემლის საეროთაშორისო მასშტაბით ქმედებასაც შეეხო:

„რუსეთის ხელისუფლება, სამწუხაროდ, აგრძელებს სირიისთვის იარაღის მიწოდებას, ხოლო რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან გაეროს უშიშროების საბჭოში ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომელიც მსოფლიოს სირიის ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლის განხორციელების საშუალებას მისცემდა“.
XS
SM
MD
LG