Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაევოელი რომეოსა და ჯულიეტას სევდიანი ამბავი


ადმირასა და ბოშკოს საფლავი სარაევოში
ადმირასა და ბოშკოს საფლავი სარაევოში
ბოშკო ბრკიჩისა და ადმირა ისმიჩის სასიყვარულო ამბავი 1993 წლის 19 მაისს დასრულდა სარაევოს ერთ-ერთ ხიდზე - სნაიპერის თოფიდან ორი მოკლე გასროლით.

ბოშკო, 24 წლის ეთნიკური სერბი, ადგილზევე დაიღუპა. ადმირა, მისი 25 წლის ბოსნიელი შეყვარებული, სასიკვდილოდ დაიჭრა. ის ბოშკოსთან მიცოცდა და ათიოდე წუთის შემდეგ გარდაიცვალა.

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა თვითმხილველმა ეს სცენა ასე აღწერა: „გოგოს ჩანთა მოჰქონდა. ისინი ხელიხელჩაკიდებულები მირბოდნენ. გოგო თითქოს ცეკვავდა. უეცრად თოფის ხმა გავიგონე. ისინი მიწაზე დაეცნენ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.“

თითქმის ოთხი დღე გარდაცვლილთა გვამებს არავინ მიკარებია: ალყაშემორტყმული სარაევოს ის უბანი, სადაც ბოშკო და ადმირა მოკლეს, განსაკუთრებით სახიფათოთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ბოლოს ქალაქის ირგვლივ განლაგებულმა სერბებმა გვამების გადასასვენებლად მუსულმან ტყვეთა ჯგუფი გააგზავნეს. საზავო შეთანხმების დარღვევაში, რომელმაც უიღბლო წყვილი იმსხვერპლა, ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა. თუმცა, საბოლოო დასკვნის გამოტანა ვერ მოხერხდა.

რეიტერის კორესპონდენტის, კურტ შორკის აწ უკვე საქვეყნოდ ცნობილი რეპორტაჟის წყალობით, ამ ამბავმა მაშინ მსოფლიო მოიარა. თანამედროვე რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის ამბავი, რომელიც მათ გარშემო გამეფებულმა სიძულვილმა მოსპო, მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქის დანგრევის ტრაგედიასა და უგუნურებას განასახიერებდა.

ოცი წლის შემდეგ ლეგენდარულმა იუგოსლავურმა როკ-ბენდმა „ზაბრანიენო პუშენიემ“ (რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „ნუ მოსწევთ“) გამოუშვა შეყვარებულთა გაცრუებული იმედებითა და მწუხარებით შთაგონებული ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი სახელწოდებით „ბოშკო და ადმირა“.

„მათ ცუდ დროს მოუწიათ ცხოვრება; მათ შანსი არ ჰქონდათ.
მაგრამ რთულ დროს ყოველთვის დიდი სიყვარული მოაქვს.
ისინი არც ერთი ტომიდან იყვნენ და არც საერთო ღმერთი ჰყოლიათ;
მაგრამ ჰყავდათ ერთმანეთი და ოცნებობდნენ, გაქცეოდნენ ამ ყველაფერს.

„ზაბრანიენო პუშენიეს“ სოლისტმა დავორ სუჩიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოშკოსა და ადმირას ამბავი ბოსნიისათვის დღესაც მნიშვნელოვანია: „სარაევოში ეს ამბავი ცნობილია. ყველას სმენია სარაევოელი რომეოსა და ჯულიეტას, ბოშკოსა და ადმირას, ომში მოკლული ახალგაზრდა ადამიანების შესახებ, რომლებიც თავიანთი სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ადგილის პოვნას ცდილობდნენ. ეს სიმბოლური ამბავი დღესაც აქტუალურია. მრავალწლიანი მშვიდობის მიუხედავად, ამ ქვეყანაში ჩვ ენ ჯერ კიდევ ვეძებთ სიყვარულსა და თავისუფლებას. ამ ამბავში ბევრი ისეთი რამ დავინახე, რაც კავშირშია დღევანდელ ცხოვრებასთან და იმასთან, რაც ახლა ხდება.”

ვიდეოკლიპის რეჟისორმა, ხორვატმა ჟარე ბატინოვიჩმა რადიო თავისუფლებას უამბო იმ სირთულეებზე, რომლებიც უკავშირდება ფილმის გადაღებას ომამდელ, მრავალეთნიკურ სარაევოზე, ქალაქზე, რომელიც დღეს აღარ არსებობს: „თემა აქაა. ყველამ იცის ეს ამბავი. ამდენი წელი გავიდა და არ იყო ადვილი 1990-იანი წლების სარაევოს გახსენება.“
ადმირასა და ბოშკოს დედები შვილების საფლავთან
ადმირასა და ბოშკოს დედები შვილების საფლავთან

თუ ბოსნიის დედაქალაქი დღეს აღარ ჰგავს 1993 წლის ნაიარევ სარაევოს, ის ასევე შორსაა მოღიმარი, თავდაჯერებული ქალაქისაგან, რომელმაც 1984 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. მაშინ, საახალწლო წვეულებაზე, 16 წლის ბოშკომ და ადმირამ პირველად აკოცეს ერთმანეთს.

ადმირას მამა ჟიო ისმიჩი კი დღესაც კიდევ იმ ძალებზე ფიქრობს, მისი ქალიშვილი, ქალაქი და სამშობლო რომ იმსხვერპლა: „ომი სიყვარულში ჩაერია – ესაა პრობლემა. ამგვარ სიტუაციებში სიყვარულის კანონები აღარ არსებობს. მხოლოდ ომის კანონები რჩება.“

ბოშკოს დედამ, რადა ბრკიჩმა, სარაევო ომის დროს დატოვა და აღარც დაბრუნებულა. მას აუტანელ ტკივილს ანიჭებს იმ ქუჩებით გავლა, იმ უბნების მონახულება, სადაც ბოშკო და ადმირა ცხოვრობდნენ და ერთმანეთი უყვარდათ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში რადა ბრკიჩმა თქვა, რომ ცდილობს, არ იფიქროს იმაზე, თუ ვინ იყვნენ მისი შვილის დღემდე დაუდგენელი მკვლელები: „ბევრს არ ვფიქრობ იმ ადამიანზე, ვინც ისინი მოკლა. მაგრამ მას რომ შევხვედროდი, ერთს შევეკითხებოდი: რატომ გააკეთა ეს.“

ბოშკო და ადმირა სარაევოს იმ სასაფლაოზე არიან დაკრძალული, სადაც ალყის ათასობით სხვა მსხვერპლიც განისვენებს. რეიტერის კორესპონდენტი კურტ შორკი, რომელმაც სარაევოელი რომეოსა და ჯულიეტას ამბავი მსოფლიოს გააცნო, სიერა ლეონეში მოკლეს 2000 წელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. მისი ფერფლის ნაწილი ბოშკოსა და ადმირას საფლავის გვერდითაა დამარხული.

„რასაც ჯულიეტა აკეთებს, იმას იმეორებს რომეოც.
არავის ჰყვარებია ასე და არავის ეყვარება,
სანამ მდინარე მილიაცკა მოედინება.
და მე გეკითხებით – ეს პატარა და საცოდავი მსოფლიო
რომელსაც ამ ორის გული შეეხო
საბოლოოდ როდის დააყენებს სიყვარულს დროშაზე მაღლა.“

(მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა)
XS
SM
MD
LG