Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სიფრთხილისკენ მოუწოდებს მედიასაშუალებებს


მედიასაშუალებებს სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდა დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. მისი სპეციალური განცხადება მოჰყვა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოსტ სკრიპტუმში” 26 მაისს ნაჩვენებ ვიდეომასალას, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებთან პრეზიდენტის სტუმრობას ასახავდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, შეხვედრის ამსახველი კადრებისა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის გარდა ეთერში გავიდა ჯარისკაცებთან პრეზიდენტის საუბარი ბოლო პერიოდის სამხედრო ოპერაციების დეტალებზე, კერძოდ, რომელმა ქართველმა სამხედრომ რამდენი თავდამსხმელი გაანადგურა და რა ვითარებაში. ”ვიდეომასალაში კარგად ისმის კითხვა-პასუხი და ასევე კარგად ჩანან თავად სამხედროებიც”, - აღნიშნავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მისი შეფასებით, ”ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მსგავსი ვიდეოფრაგმენტის ეთერში გაშვება დაუშვებელია, რადგან ის ამჟღავნებს სამხედრო ოპერაციის დეტალებს მასში უშუალოდ მონაწილე პირების იდენტიფიცირებით.” ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს რედაქტორებსა და ჟურნალისტებს, მსგავს მასალაზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩონონ და ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას სთხოვს, რომ ეთერში გასული ეს მონაკვეთი არ მოხვდეს ინტერნეტში განთავსებულ ვერსიებში.
XS
SM
MD
LG