Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სასამართლო სისტემამ ჩაურევლად დაიწყოს არსებობა


საერთო სასამართლოების და მისგან გამომდინარე კანონებში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების ოფიციალურად ამოქმედების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის დამკვიდრების საქმეში. ”დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია და ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ სასამართლო სისტემამ ჩაურევლად დაიწყოს არსებობა და განვითარება”, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 9 ივნისს, როდესაც მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა აირჩიოს მისი წარმომადგენლები რეფორმირებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეები დამოუკიდებლად და კვალიფიციურად გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ გაზრდილ უფლებებს, ხოლო არჩევნების პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იქნება დამკვირვებლებისთვის. ”ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, არ გამოვრიცხავ გარეშე პირებს გაუჩნდეთ ცდუნება, რომ ზეგავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, რაც დაუშვებლად მიმაჩნია”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ივანიშვილი ყველას მოუწოდებს ერთად შეუწყონ ხელი მოსამართლეებს, რათა მათ შეძლონ არჩევანი დამოუკიდებლად და ჩაურევლად გააკეთონ.
XS
SM
MD
LG