Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა შეშფოთება გამოხატა მავთულხლართების გავლების გამო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფლების დიცისა და დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო. ამ ფაქტს სამინისტრო აფასებს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევად. ”გარდა ამისა, ეს უკანონო ქმედება უგულვებელყოფს და ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების და სხვა სამოქალაქო, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს”, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარებისა და საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე. სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები. ადეკვატური რეაგირების მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას უგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებს.
XS
SM
MD
LG