Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედროებმა დიცში 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს


გორის რაიონის სოფელ დიცში რუსეთის სამხედროებმა დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, 24 წლის როსტომ სოსიაშვილი. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, სოსიაშვილი სოფლის განაპირას, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. თვითმხილველების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანი პირუტყვს აძოვებდა. სოსიაშვილმა, რომელმაც შენიშნა, რომ არასრულწლოვანების მიმართულებით ბუჩქებიდან მალულად მიდიოდნენ რუსი სამხედროები, მოზარდების გაფრთხილება სცადა. ბავშვები სოფლის მიმართულებით გაიქცნენ, სოსიაშვილს კი რუსეთის სამხედროებმა ხელბორკილები დაადეს, "ვილისის" მარკის ავტომანქანაში ჩასვეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. დაკავებულის ახლობლების თქმით, სოსიაშვილის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცვი ორგანოების წარმომადგენლები და მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები გატაცებული ახალგაზრდის ადგილსამყოფელის დასადგენად და გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG