Accessibility links

logo-print

სპეციალური ჯგუფი შეისწავლის საოკუპაციო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს


საოკუპაციო ზონის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს რეინტეგრაციის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთობლივი ჯგუფი შეისწავლის - ამის შესახებ დღეს განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. მისი განმარტებით, ჯგუფი ადგილზე შეისწავლის მოსახლეობის პრობლემებს და ზარალს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად მიადგა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს გაკეთდება იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მოსახლეობის ადგილზე დარჩენას და პირობების შექმნას. "რუსეთის საოკუპაციო ჯარების უტიფარი ქცევა ყოვლად მიუღებელია. ეს არის აშკარა რეაქცია იმ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რასაც ახალი მთავრობა ახორციელებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, არსებული კონტაქტები ცხადყოფს, რომ შექმნილი ვითარებით აღშფოთებულია ოსური მოსახლეობაც. ”თუ აქამდე ოსებს ეშინოდათ გადმოსვლის, რადგან საქართველოს სპეცსამსახურები დააკავებდნენ ან დააშინებდნენ, დღეს მიხვდნენ, რომ ეს სიტუაცია შეიცვალა, რუსეთმა კი საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ასე უპასუხა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფოს პოზიციაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ადამიანებს შეუქმნას პირობები, რათა მათ საკუთარი სახლები არ დატოვონ.
XS
SM
MD
LG