Accessibility links

ზაქარეიშვილმა არასამთავრობოებს თანმშრომლობისაკენ მოუწოდა


სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხედვის მთავრობისთვის გაზიარებას სთავაზობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მინისტრმა არასამთავრობოების გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა და გაკვირვებაც გამოხატა. „უცნაურია, რომ მოწოდებების ავტორთაგან ზოგიერთი ორგანიზაცია არასოდეს ყოფილა ჩართული კონფილქტის მოგვარების საკითხებში. ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით ჩართულები იყვნენ და არიან, კარგად ხედავენ ამ საკითხების სირთულეს და არ აძლევენ თავის თავს ზოგადი შეფასებების უფლებას ისე რომ არ შემოგვთავაზონ საკუთარი ვარიანტი", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გუშინ გაავრცელეს. "მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები და შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG