Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილს შეხვდა


სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის რეზიდენციაში შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ ისაუბრეს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე და თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრთა ვიზიტზე, რომელიც ივნისის ბოლოს შედგება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, ”გამოითქვა მოსაზრება, რომ ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა ადგილზე გაეცნოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციის კურსისა და რეფორმების მიმართ.” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღევანდელი შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ნატოს გენერალური მდივნის სპციალურმა წარმომადგენელმა. ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ემოციური რეაქციის პროვოცირებას. ”პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი პოზიცია იქნება პრინციპიული, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ საკითხებში სწორედ ნატოსთან, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად სინქრონულად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან არასინქრონული მოქმედების შედეგი 2008 წლის აგვისტომ გვაჩვენა”, - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ პრობლემას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ”სხვანაირად გაუმკლავდება.”
XS
SM
MD
LG