Accessibility links

logo-print

ანდერს ფოგ რასმუსენი - "საქართველო გახდება ნატოს წევრი"


ნატოს თავდაცვის მინისტრები ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდნენ. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ნატოს პრეს-სამსახური ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მინისტრებმა განიხილეს საქართველოში დაგეგმილი რეფორმები და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს, როგორც "აისაფის" მისიაში ყველაზე დიდი წვლილის შემტან ნატოს არაწევრ სახელმწიფოს. "დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ ჩვენი ოპერაციების აქტიურად მხარდაჭერას როგორც წარსულში, ისე ახლა. დიდად ვაფასებთ ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს. პატივს მივაგებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს. საქართველოს მცდელობები კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმ რეფორმების ფონზე, რომელსაც საქართველო თავდაცვის სფეროში ატარებს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მზადყოფნისთვის, რომ ის ავღანეთის მისიაში 2014 წლის შემდგომაც მიიღებს მონაწილეობას. მინისტრები მიესალმნენ საქართველოს დინამიურ სწრაფვასა და მიღწევებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო კვლავაც ინტერესით აკვირდება საქართველოს საშინაო გამოწვევებსა და მოვლენების მიმდინარეობას: "საქართველოს მთავრობისგან მოველით კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემას. მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და მიმდინარე წელს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები". ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ სტაბილური და დემოკრატიული საქართველო ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილია: "მოუთმენლად ველი მომავალს, როცა საქართველო ალიანსში იქნება. ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები კვლავაც ძალაშია. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როცა ის შეასრულებს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნებს".
XS
SM
MD
LG