Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა „ძალიან წარმატებული“ იყო


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია „ძალიან წარმატებულს“ უწოდებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა. როგორც ალასანიამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა, სხდომაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისათვის. „ასევე ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კუთხითაც და ბოლო ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, ძალიან მკაცრად იყო შეფასებული, როგორც ნატოს გენერალური მდივნის, ასევე სხვა მინისტრების მხრიდან, განსაკუთრებით შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მხრიდანაც. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ერთი ძლიერი ნაბიჯი, გადადგმული ნატოს სტრუქტურებთან დაახლოებისაკენ და ნატოში გაწევრიანებისაკენ“, განაცხადა ალასანიამ. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო ავღანეთში შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების მხარდამჭერ მისიაში საქართველოს მონაწილეობა, ისევე როგორც ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება. ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, სტაბილური და დემოკრატიული საქართველო ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილია: "მოუთმენლად ველი მომავალს, როცა საქართველო ალიანსში იქნება. ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები კვლავაც ძალაშია. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როცა ის შეასრულებს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნებს", განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
XS
SM
MD
LG