Accessibility links

logo-print

რასმუსენი: საქართველო გახდება ალიანსის წევრი, როგორც კი შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს


ნატო კვლავ ადასტურებს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უცვლელია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი როგორც კი შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს - ამის შესახებ დღეს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. მან აღნიშნა, რომ ნატო დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს გამოწვევებსა და განვითარების პროცესს და ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს, განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები. რასმუსენმა კვლავ დაადასტურა, რომ ნატო ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ”სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია და მოუთმენლად ველი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. რასმუსენის თქმით, საქართველო ნატოს განსაკუთრებული პარტნიორი და ავღანეთის მისიაში მონაწილე ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია, რასაც ნატო სათანადოდ აფასებს. ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო მაღალ შეფასებას აძლევს ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს და მწუხარებას გამოხატავს გაღებული მსხვერპლის გამო. გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი უწოდა ნატოსთან თანამშრომლობით საქართველოს თავდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებს და განაცხადა, რომ მოკავშირე ქვეყნები მზად არიან საქართველოს შემდგომი მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელშიც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მონაწილეობდა, თანამშრომლობის და თავდაცვის სფეროს შემდგომი რეფორმირების საკითხები განიხილეს. დღესვე ბრიუსელში გაიმართა ირაკლი ალასანიას და ანდერს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა.
XS
SM
MD
LG