Accessibility links

logo-print

შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად


შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ცხრა დაიჭრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ განაცხადა. მანვე ჩამოთვალა დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰელმანდში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა. სხვა დეტალები უცნობია. ეს ინციდენტი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულება დაიწყო. 13 მაისს ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე განხორციელებული ანალოგიური თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ბოლო მსხვერპლის ჩათვლით ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამ დანაკარგისა, ქართველი ჯარისკაცები, როგორც პოლკოვნიკმა ძნელაძემ განაცხადა, გააგრძელებენ საბრძოლო მისიას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG