Accessibility links

7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა


ავღანეთში, ჰელმანიდ პროვინციაში შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო საქართველოში 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 6 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალასანია შეხვდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ბისმელა მოჰამადს. მოჰამადმა მწუხარება გამოთქვა ქართულ კონტინგენტზე თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების თავდადებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური და პროფესიონალური ბრძოლისთვის. 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა. დაიღუპა შვიდი ქართველი სამხედრო: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. თავდაცვის უწყების თანახმად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG