Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა ჯარისკაცების დაღუპვის გამო


ტერორისტული თავდასხმის შედეგად ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროთა დაღუპვის გამო დღეს საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქედს იხრის დაღუპული გმირების წინაშე. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და საქართველოს ხალხს. ”ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში და ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ჩვენმა ძმებმა და შვილებმა თავი შესწირეს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ტერორიზმი, რომელსაც ეროვნება და საზღვრები არ აქვს, 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტერორიზმთან ბრძოლას უწოდა ურთულესი და ამასთან, საპატიო მისია, რომელსაც საერთაშორისო ძალებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ გმირი ქართველი სამხედროები. ”ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენ სამშობლოს იცავენ და ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად თავზარდამცემი ტრაგედიისა, ვერაფერი გაგვტეხავს და უკან ვერაფერი დაგვახევინებს”, - განაცხადა ვიდეომიმართვისას ბიძინა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის.
XS
SM
MD
LG