Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამი ამერიკელი და ერთი იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა


ოთხი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად. ავღანეთში ნატოს ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამი ჯარისკაცი დახოცა ავღანელი სამხედრო მოსამსახურის ფორმაში გადაცმულმა თვითმკვლელმა აღმოსავლეთ პაკტიკის პროვინციაში. „დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალებისათვის. მოხდა ორი ტრაგიკული ინციდენტი, ერთი – დასავლეთ ავღანეთის ფარაჰის პროვინციაში, სადაც შეტაკებაში ერთი იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა. მეორე – პაკტიკას პროვინციაში, სადაც ავღანურ სამხედრო ფორმაში გადაცმულმა ბიჭმა საერთაშორისო ძალების სამი ჯარისკაცი დახოცა“, - განაცხადა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების წარმომადგენელმა, გენერალმა გიუნტერ კაცმა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპული ჯარისკაცები ამერიკელები არიან. იტალიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათ დაჯავშნილ მანქანას „მტრული ელემენტები“ დაესხნენ თავს. პასუხისმგებლობა ნატოს ჯარისკაცების დახოცვაზე არავის აუღია.
XS
SM
MD
LG