Accessibility links

logo-print

მსჯავრდებული მარეკ დუდაევი განთავისუფლდა პატიმრობიდან


მსჯავრდებული მარეკ დუდაევი, რომელიც სასჯელს მე-7 ნომერ დაწესებულებაში იხდიდა, გათავისუფლებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, მისი გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს, სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამინისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა. მიმდინარე წლის თებერვალში დუდაევი საპატიმროში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოინახულა. საქართველოს სახალხო დამცველი მაშინ ინიციატივით გამოვიდა, რომ ქართულ ციხეში მყოფი მარეკ დუდაევი და ეთნიკურად ოსი სხვა პატიმრები ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გაეცვალათ. ომბუდსმენმა მარეკ დუდაევის სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო. როგორც ნანუაშვილმა თებერვალში განაცხადა, დუდაევის საქმეში ბევრი დარღვევებია. მისივე ინფორმაციით, ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც სწორ ჩვენებას აძლევდა, სასამართლო პროცესიდან გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG