Accessibility links

სტამბოლში სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს უტევს


თურქეთში, სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე რამდენიმე ასეული სპეცრაზმელი შევიდა და ბარიკადების რღვევას შეუდგა. აქამდე მოედანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. მათ აქციის მონაწილეთა ნაწილი აიძულეს ახლომდებარე ტერიტორიაზე - გეზის პარკში გადანაცვლებულიყვნენ. ზოგიერთმა აქტივისტმა სპეცრაზმის იერიშს მაშხალების, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და ქვების სროლით უპასუხა. ტაქსიმის მოედანზე სპეცრაზმის შესვლა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოანის თანხმობას - შეხვდეს საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს. შეხვედრა ოთხშაბათისთვის არის დაგეგმილი. სპეცრაზმელებს, რომლებიც ჩაჩქანებითა და ფარებით იყვნენ აღჭურვილი და ზურგს ჯავშანმანქანები უმაგრებდათ, ტაქსიმის მოედნის გარშემო სამშბათს, დილაადრიან შეიკრიბნენ. სამართალდამცავებმა მოედანთან მდებარე შენობიდან მოხსნეს პლაკატები. სტამბოლის გუბერნატორმა ჰუსეინ ავნი მუთლუმ განაცხადა, რომ პოლიციას არ ჰქონია განზრახული გეზის პარკში აქციის დაშლა: „ჩვენი მიზანია ათათურქის ძეგლიდან და ათათურქის კულტურის ცენტრიდან პლაკატების მოხსნა. სხვა მიზანი არ გაგვაჩნია. გეზის პარკსა და ტაქსიმს არ შევეხებით“, - „ტვიტერზე“ დაწერა სტამბოლის გუბერნატორმა. ბი-ბი-სის კორესპონდენტი მოვლენის ადგილიდან იტყობინება, რომ სამართალდამცავთა დღევანდელი მოქმედება არის განზრახ ძალის დემონსტრაცია, რამაც, შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ოთხშაბათის მოლაპარაკებები.
XS
SM
MD
LG