Accessibility links

საქართველოში არაერთგვაროვნად აფასებენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს


საქართველოს შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს არაერთგვაროვნად აფასებენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები. 11 ივნისს ტელეკომპანია Russia Today-ს ახალ სტუდიაში სტუმრობისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა და თანამშრომლობა, აფასებს თბილისის შეთავაზებას სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შესახებ და მზად არის მოქმედება განაგრძოს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ქართული პროდუქციისთვის ბარიერების გაუქმება. რაც შეეხება საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობას, ეს საკითხი თავად ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთი კვლავ მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა 5 წლის წინ დიდი შეცდომა დაუშვა და მოსკოვს სწორედ ამ მოქმედებაზე რეაგირება მოუხდა. ”ვერ წარმომიდგენია უკან დახევა, მაგრამ საქართველოსთვისაც ეს არის წითელი ხაზი, რადგან საუბარია მის ტერიტორიულ მთლიანობაზე”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა აღნიშნა, რომ თუ გამოსავალი ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ინტერესებისადმი პატივისცემის საფუძველზე მოიძებნება, გადაწყვეტილება შესაძლოა გრძელვადიანი აღმოჩნდეს. ამავე ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს თანამშრომლობის განახლება საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რაც შესაძლოა, უვიზო რეჟიმის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯად იქცეს.
XS
SM
MD
LG